Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად პარლამენტს მიმართა


ზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით საქართველოს პარლამენტს ცოტა ხნის წინ ინდივიდუალური განცხადებით მიმართა.

მისგან განსხვავებით, გაყოფილი „გირჩის“ სხვა ლიდერები იაგო ხვიჩა, ვახო მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი დეპუტატის სტატუსს ჯერ ინარჩუნებენ. ისინი ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ მანამდე, სანამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულებისა და პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლის შანსი არსებობს. პარტიას არც პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით მიუმართავს ცესკოსთვის.

"პარტიის ფორმალური თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია. მათ აქვთ უბრალოდ არჩეული სხვა გზა. მე რაც მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე, მათი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ თუ არსებობს რაღაცა პატარა შანსი მაინც იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჯამში 113 დეპუტატი, მათ ამ შანსზე არ უნდათ უარის თქმა და მაგ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ პარლამენტში შევლენ, თუ ასეთი შანსი იარსებებს. და ასეთი შანსი შეიძლება არსებობდეს კიდევ ბევრი თვის განმავლობაში კი არა და უსასრულოდ", - ზურაბ ჯაფარიძემ მედიას უთხრა, რომ სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური განცხადების დაწერის თაობაზე.

ამ დროის მონაცემებით დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადება 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა დაწერა. დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ 3, „მოქალაქის“ 2 და პატრიოტთა ალიანსის 4 დეპუტატს. დანარჩენი 5 პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს, მათგან "ლეიბორისტულმა პარტიამ" რამდენიმე დღის წინ, ხოლო „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ენმ-ძალა ერთობაშიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ 16 დეკემბერს.

მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG