Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა ჯო ბაიდენს გამოცდილი ადამიანი უწოდა და უარყო რუსი ჰაკერების ჩარევა აშშ-ის შიდა საქმეებში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში „გამოცდილ ადამიანს“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადამინისტრაციის პირობებში გადაიჭრება იმ პრობლემების ნაწილი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში წლების განმავლობაში დაგროვდა.

17 დეკემბერს გამართული ტრადიციული პრესკონფერენციის წინა დღეებში დასავლურ მედიაში გავრცელდა ეჭვი, რომ რუსეთი იდგა აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი კიბერთავდასხმის უკან.


მრავალსაათიანი პრესკონფერენციის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის წინა არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევის შესახებ გავრცელებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სწორედ აშშ-ის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების „მძევლად იქცა“.

„რუსი ჰაკერები არ დახმარებიან არჩევნებში აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს და არ ჩარეულან ამ დიდი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი გამონაგონია, საბაბია, რათა გაფუჭდეს ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის; ეს არის საბაბი იმისა, რომ არ ცნონ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, გარკვეული ამერიკის შიდაპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა სწორედ აშშ-ის შიდა პოლიტიკის მძევლად იქცა. ჩემი აზრით, ეს თავად მათთვის არის ცუდი. მაგრამ ეს მათი არჩევანია. დაე გააკეთონ ის, რაც სურთ. ჩვენ კი გამოვდივართ იქიდან, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მიხვდება, თუ რაც ხდება. ის არის გამოცდილი ადამიანი, როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში. და ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადამინისტრაციის პირობებში თუ ყველა არა, იმ პრობლემების ნაწილი მაინც გადაიჭრება, რაც წარმოიქმნა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პრეს-კონფრენციის დროს პუტინი თავის რეზიდენციაში, ნოვო - ოგარიოვოშია. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში არიან შეკრებილი. კრემლის ცნობით, აკრედიტაცია წელს მიიღო 774 ჟურნალისტმა, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან.
მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში ფედერალური და უცხოეთის მედიის 247 წარმომადგენელი მუშაობს. რუსეთის მედიისთვის მოწყობილია ცენტრები რუსეთის კიდევ რვა ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG