Accessibility links

site logo site logo

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო: უნგრეთმა კანონი დაარღვია მიგრანტებთან დაკავშირებით


ევროპის კავშირის უზენაესმა სასამართლო ორგანომ 17 დეკემბერს დაადგინა, რომ უნგრეთმა კანონი დაარღვია, როცა მიგრანტებს ხელი შეუშალა თავშესაფრის მოპოვებაში და ბევრი მათგანი ტრანზიტულ ბანაკებში მოათავსა.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ, იურიდიული პროცედურები დაიწყო თავშესაფრის შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობამ მიიღო 2015 წელს, ევროპაში მილონზე მეტი მიგრანტის ჩასვლით გამოწვეული კრიზისის დროს.

მაშინ, როცა ათიათასობით მიგრანტი მიემართებოდა ბალკანეთის გავლით ევროპისკენ, ორბანის მთავრობამ, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ არის განწყობილი, მავთულხლართებიანი ღობეები აღმართა მათ შესაკავებლად და გააფართოვა საგანგებო იურიდიული ზომების გამოყენება ორი სატრანზიტო ზონის შესაქმნელად, რომლებშიც ჰყავდათ დაკავებული ლტოლვილები.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო თითქმის ყველაფერში დაეთანხმა ევროკომისიას. სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ არ დაიცვა პროცედურები და სათანადო გარანტიები.

„უნგრეთმა არ შეასრულა ევროკავშირის კანონით ნაკისრი ვალდებულებები საერთაშორისო დახმარების აღმოჩენის პროცედურების სფეროში,“ განაცხადა მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ.

სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა თავშესაფრის მაძიებლებს არ მისცა ბანაკების დატოვების საშუალება, სანამ მათ საქმეებს განიხილავდნენ და სპეციალური დაცვა არ შეუთავაზებია ბავშვებისთვის და მოწყვლადი ადამიანებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG