Accessibility links

logo-print logo-print

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს სასამართლომ შეუფარდა 10 000-ლარიანი გირაო


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (10 000 ლარი) შეუფარდა ვანო ფოცხვერაშვილს, რომელიც 15 დეკემბერს დააკავეს აფრიკის დასახლებაში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

22 წლის ფოცხვერაშვილს თავდებად უდგებიან თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ლეიბორისტი" ლაშა ჩხარტიშვილი.

ბრალდებულის დედა ეკატერინე სიყმაშვილი ამბობს, „ოჯახი, მშობლები შვილის გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ცოტა შეღავათში რომ შევიდეს მოსამართლე, კარგი იქნება".

ბრალდებულის მამა გიორგი ფოცხვერაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თანხის გადახდაში დაეხმარებიან ის ადამიანები, ვისაც თავად ეხმარებოდა. „რაღაცას გამოვნახავთ შვილისგულისთვის", - თქვა მან.

ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, „დაკავება უსამართლო იყო, იმიტომ, რომ ვანო ფოცხვერაშვილი იყო მოგერიების რეჟიმში, იცავდა ორსულ გოგონას. თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. იმედია, განაჩენი არ დადგება, თუმცა ისიც უსამართლო იქნება". როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, გირაოს თანხა არარეალისტურია.

საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე, რომელიც ბრალდებული ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა. მისი თქმით, საქმეში მოწმეები არიან პოლიციელები.

პროკურორი თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი ქმედება.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე უნებართვოდ აშენებული ნაგებობა დაანგრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლები იყო და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.

ვანო ფოცხვერაშვილი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG