Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტმა წელს კვლავ იფეთქა მასში გარკვეული გარე ძალების ჩარევის გამო. ამის შესახებ მან ტასის შეკითხვას უპასუხა ხუთშაბათს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.

„არა მგონია, რომ ეს რაიმე გარეშე ჩარევის გამო მოხდა. ხშირად გაჩენილა დაძაბულობა, სროლა, წვრილმანი შეტაკებები. საბოლოოდ ყოველივე ეს კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთის პოზიცია ყოველთვის მდგომარეობდა იმაში, რომ ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებებს. ასე დაისვა ჩვენი პოზიცია ‘მინსკის ჯგუფშიც’“, განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონი, რომლებსაც სომხური ძალები აკონტროლებენ 90-იანი წლების შუიდან.

პუტინი მიიჩნევს, რომ თავად მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს ოღონდ ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის პირობებში, რისთვისაც შეიქმნა „ლაჩინის დერეფანი“.

„საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან, მთელი ეს ტერიტორიები აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია. თავად სომხეთს არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა,“ დასძინა პუტინმა.

მისი აზრით, რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მხოლოდ კონფლიქტის ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში.

მას მერე, რაც სექტემბრის ბოლოს კვლავ გამწვავდა ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, აზერბაიჯანის ძალებმა შეძლეს რეგიონის გარშემო რაიონებისა და თავად მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ნაწილის დაბრუნება. 10 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა, რეგიონში ხუთი წლის ვადით განლაგდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG