Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია შეთანხმდნენ ფართო თანამშრომლობაზე


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის გვარდიამ („როსგვარდია“) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების გარდა, მიზნად ისახავს ასევე ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ბელარუსის ეროვნული სამართლებრივ პორტალზეა გამოქვეყნებული, ირკვევა, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა 19 ნოემბერს და იგი ძალაში იქნება მანამ, სანამ მას რომელიმე მხარე არ დატოვებს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია თანხმდებიან ასევე სათბობ-ენერგეტიკული და სამთავრობო ობიექტების ერთობლივ დაცვაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა ერთობლივ ამოცანებზე.

ამ შეთანხმების ფონია ბელარუსში 9 აგვისტოდან მიმდინარე საპროტესტო აქციები ლუკაშენკას გადადგომის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნით.

მიტინგების დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, ათასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს, ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას წინასწარი დაკავების საკნებში.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ხოლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში გარე ძალებს სდებს ბრალს.


აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მინსკის დასახმარებლად ლუკაშენკას თხოვნით შექმნა ძალოვანი უწყებების რეზერვი. პუტინი მაშინ აღნიშნავდა, რომ რეზერვის გამოყენება მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსში შეიქმნებოდა უკონტროლო სიტუაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG