Accessibility links

logo-print logo-print

ტომსკელი დეპუტატები რუსეთის ხელისუფლებისგან ნავალნის საქმის გამოძიებას მოითხოვენ


ქალაქ ტომსკის ადგილობრივი საბჭოს (დუმის) 7-მა დეპუტატმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის გამო. შესაბამისი მიმართვა ტვიტერში გამოაქვეყნა ნავალნის მომხრეთა საქალაქო შტაბის კოორდინატორმა, ქსენია ფადეევამ.


ტექსტში ნათქვამია, რომ ტომსკელი დეპუტატები აღშფოთებული არიან მათ ქალაქში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტით და მიიჩნევენ, რომ აქამდე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება საკმარისია ნავალნის მოწმავლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.

ალექსეი ნავალნი კომაში ჩავარდა ტომსკი-მოსკოვის რეისით მიმავალ თვითმფრინავში.

იგი თავდაპირველად ტომსკის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, შემდეგ კი გადაიყვანეს ბერლინში, სადაც გერმანელმა სპეციალისტებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი შხამის ნიშნები აღმოაჩინეს.

14 დეკემბერს კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

მანამდე ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართვები გაუგზავნეს ფსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრებების დეპუტატებმა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, მსგავსი მიმართვის გაგზავნას გეგმავენ ასევე მოსკოვისა და ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოების დეპუტატებიც.


17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო ნავალნის რუსეთში მოწამვლის შესახებ გავრცელებული ბრალდებები.

პუტინმა ჟურნალისტური გამოძიების მასალებს „შემოგდებული ინფორმაცია“ უწოდა, ხოლო გამოძიების ავტორები აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG