Accessibility links

logo-print logo-print

კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ირანის ბირთვულ ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაო  


მშენებლობა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე. 2020 წლის 11 დეკემბერი.

კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, რომელიც Associated Press-მა მოიპოვა 18 დეკემბერს, ჩანს, რომ ირანის სადავო მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტ ფორდოზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო.

მოსალოდნელია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე სამუშაოები საერთაშორისო დაძაბულობას გააძლიერებს. აშშ-ის ახლა მოქმედი მთავრობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით აგრძელებს ირანზე ზეწოლას ბირთვულ და შეიარაღების სფეროში და რეგიონში მისი მოქმედების გამო.

გაეროში ირანის წარმომადგენლები და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები მიუწვდომელი იყვნენ კომენტარისთვის, იტყობინება AP.

ჯეფრი ლუისი, რომელიც მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში გაუვრცელებლობის თემატიკითაა დაკავებული და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს, ამბობს, რომ „ყველა ცვლილება ამ ობიექტზე გულმოდგინედ კონტროლდება", რათა ცხადი იყოს, საით მივყავართ ირანის ბირთვულ პროგრამას.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ თქვა 17 დეკემბერს, რომ თუ აშშ-ის ახალ ხელისუფლებას სურს კვლავ აამოქმედოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ვაშინგტონი 2018 წელს გამოეთიშა, საჭირო იქნება ახალი შეთანხმება, რათა ირანის მიერ 2018 წლის ამ აქტის შემდგომი დარღვევები გამოსწორდეს.

ერთ-ერთი ასეთი დარღვევა შეიძლება იყოს ფორდოზე ურანის გამდიდრების სამუშაოების განახლება.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ხუთი წლის წინ გაფორმებულ შეთანხმებას - მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას - კვლავ დაუბრუნდება, „თუ ირანი კვლავაც შეასრულებს შესაბამის პირობებს“, რაც გაეროს სანქციების შემსუბუქებას გულისხმობს ირანის სადავო ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG