Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცის ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს


კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ფოთელი 32 წლის მამაკაცის ოჯახი მედპერსონალს უყურადღებობასა და პაციენტის დაგვიანებულ მკურნალობაში ადანაშაულებს.

ახალგაზრდა მამაკაცი რუხის კლინიკაში 18 დეკემბერს გამთენიისას გარდაიცვალა. მანამდე ის მკურნალობას ქობულეთში, კოვიდსასტუმროში გადიოდა. ოჯახი აცხადებს, რომ თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა სასტუმროში, სადაც მას საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიდნენ.

„კოვიდსასტუმროში დაწვეს სიცხისგან. 40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე და ერთი ტაბლეტი წამალი მომცესო, არ მიგდებს სიცხეს და ვეხვეწები ექიმებს, რომ მეორეც დამიმატონო. სათანადო ყურადღება რომ მიექციათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა“, - უთხრეს მედიას გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა. მათივე ცნობით, მამაკაცს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა.

კოვიდსასტუმროში ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათთან ყოფნის პერიოდში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. რუხის საავადმყოფოში კი მომხდარზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 297 მოქალაქე. მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27-ის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 69 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი. გამოვლენილია კორონავირუსის კიდევ 199 ახალი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG