Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის თავდაცვის უწყებას ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედრო-საველე ჰოსპიტალი მიაქვს


სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საველე ჰოსპიტალი დაშალეს. დაშლილი ჰოსპიტალი ახლა მანქანებზე იტვირთება. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე იყო გაშლილი. ჰოსპიტალთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში სამხედრო ექიმებიც იყვნენ ჩასულები.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხედრო-საველე ჰოსპიტალში 200-მა ადამიანმა იმკურნალა. გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტირება. „რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება. მობილური ჰოსპიტლის პირადმა შემადგენლობამ პირნათლად შეასრულა დასახული ამოცანა“, - განაცხადა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რასულ მურთაზალიევმა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალში მობილური ჰოსპიტალი 2020 წლის 27 ოქტომბერს ჩაიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოვიდ - 19 წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარების თხოვნით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიმართა. საველე ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლს იტევდა, ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე გაშალეს. ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ჰოსპიტლის დემონტაჟის და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG