Accessibility links

site logo site logo

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი


კონსტანტინე გამსახურდია

საქმეში „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე გამსახურდიას ეკრძალებოდა საქმის მასალების ასლების გადაცემა.

სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ, ზვიად გამსახურდიას შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით ზვიად გამსახურდიას საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.

როგორც მოსარჩელემ განმარტა, სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში ინფორმაცია ისედაც გაიცემა მხოლოდ იმ წინაპირობით, რომ არ მოხდება გამოძიების ინტერესების დაზიანება. ამიტომ, საქმის შესაბამისი მასალების ასლების გადაცემა არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე დამატებით საფრთხეს. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ დაზარალებული (მისი უფლებამონაცვლე) ასლების მიღების უფლებით უნდა სარგებლობდეს როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მიემართება სპეციალურ სუბიექტს - დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს და არა, ზოგადად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, საქმის მასალების ასლების მიღების უფლება უნდა ვრცელდებოდეს იმ მონაცემებსა და ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ ეხება დაზარალებულს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის აღჭურვა სათანადო ინფორმაციით ემსახურება, ერთი მხრივ, მისი (დაზარალებულის) ინტერესების ეფექტიან დაცვას, მაგალითად, შესაძლებლობას, გაასაჩივროს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება; ხოლო, მეორე მხრივ - სასამართლოსთვის ან ზემდგომი პროკურორისათვის მიმართვის მეშვეობით, საგამოძიებო საქმიანობის კონტროლს. როგორც სასამართლომ აღნიშნა, იმავდროულად, ინფორმირებული დაზარალებული უნარიანია, საგამოძიებო საქმიანობის ხარვეზიანობის შემთხვევაში მიიპყროს საზოგადოების ყურადღება, ამ გზით გაზარდოს გამოძიებაზე საზოგადოების კონტროლი.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინფორმაცია დაზარალებულის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ იარაღს წარმოადგენს გამოძიების თვითნებობის შესაზღუდად, საკუთარი უფლებების სწორად რეალიზებისთვის. შესაბამისად, ცხადია, რომ დაზარალებულს გააჩნია მომეტებული ინტერესი - გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად არის ცნობილი გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

საქმეში კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატი ამირან გიგუაშვილი და საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე ეჭვებს იწვევს. გამოძიება, რომელიც მომხდარიდან 26 წელია გრძელდება, თავიდან სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით დაიწყო, 2015 წელს კი მკვლელობად დაკვალიფიცირდა. 2009 წელს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG