Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილე: თელავის თეატრთან გაშლილ კარავში ასაფეთქებელი შეაგდეს


თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გაშლილ კარავში ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილე რამაზ აივაზაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წუხელ, კარავში დამონტაჟებული ღუმლის საკვამლე მილში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მასალა შეაგდეს, რომელსაც ძლიერი ხმა ჰქონდა. მანამდე კი რამდენიმე აფეთქების ხმა კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიგეს.

„სავარაუდოდ, ეს იყო საახალწლო ასაფეთქებელი, თუმცა საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა. აქციის მონაწილე, კარავში მყოფი ქალი ამ ხმაზე შეუძლოდ გახდა. როდესაც გარეთ გამოვედით, ერთი პირი გარბოდა, იქვე თეატრთან მანქანა ელოდა, მასში ჩაჯდა და მიიმალა. ბნელოდა და მანქანის სავარაუდო მოდელი დავინახეთ. ადგილზე პოლიციელებს მივაწოდეთ არსებული ინფორმაცია და თუ ისინი მოინდომებენ, ამ პიროვნების და მანქანის მძღოლის ვინაობის დადგენა მარტივად იქნება შესაძლებელი, რადგან ახლომახლო უამრავი კამერაა დამონტაჟებული“, - განაცხადა რამაზ აივაზაშვილმა.

ის თვლის, რომ მათთან პროვოკაციებს ხელისუფლების დავალებით აწყობენ და ფაქტის დროულად გამოძიების იმედიც არ აქვს.

31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების პროტესტს თელავში 5 დეკემბრიდან შეუერთდნენ. აქცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თავდაპირველად ორმა სამოქალაქო აქტივისტმა დაიწყო, შემდეგ კი მათ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. თელავის თეატრთან ერთი მცირე, მეორე კი დიდი ზომის კარავია გაშლილი.

კარავზე წარწერებია: "არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG