Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩების კონფერენცია 2020 ვირტუალურ ფორმატში გაიმართება


2020 წლის 21-23 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020" გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია ვირტუალური ფორმატით ჩატარდება. მისი თემა იქნება „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”.

სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას. კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

„ღონისძიებაზე განხილულ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, საუბარი შეეხება ასევე რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკასა და მრავალმხრივ დიპლომატიას.

ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG