Accessibility links

site logo site logo

საქართველო სავალდებულო კარანტინს უწესებს ბრიტანეთში ნამყოფ მოქალაქეებს


დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საქართველოში არსებულ სპეციალურ სივრცეებში 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა და ამ ეტაპზე საქართველოს დიდ ბრიტანეთთან არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქვს: „შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამის, VUI-202012/01 გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ეპიდემიოლოგების თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, თურქეთმა, ისრაელმა, კანადამ, ავსტრალიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და ჩილემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG