Accessibility links

logo-print logo-print

აკაკი ზოიძე შეზღუდვების მოსალოდნელ შემსუბუქებაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, შეცდომა არ დავუშვათ


აკაკი ზოიძე

„ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა, რომ ჩვენ შეცდომა არ დავუშვათ. იგივე რომ არ დაგვემართოს, რაც ზაფხულში.მაშინ, როცა თითქოს გადაწყვეტილების მიმღებებს ეგონათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოდი ცოტა ხანიც გავუძლოთ, ჩამთავრდეს სეზონი და მერე ჩავკეტავთ, მერე ჩაკეტვამ აღარ უშველა. ეს არის“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელ შემსუბუქებაზე. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მყიფე სტაბილურობაა და შესაბამისად თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია:

„ჩვენ თუ ეხლა 9 დღე 24-დან 2-მდე გადაგვექცა ეგრეთ წოდებულ ყბადაღებულ შავ პარასკევად, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა აგვიფეთქდება“, - აღნიშნა მან გადაცემაში და გამოთქვა პროგნოზიც, რომ ასეთ შემთხვევაში ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 150-ს მიაღწევს.

აკაკი ზოიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში ოპტიმალური ბალანსის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„შევეცადოთ, რომ ვთქვათ, სადაც გავაკონტროლებთ ადამიანების ნაკადებს, ის შეზღუდვები მოვხსნათ. იქნება ეს სავაჭრო მოლი, იქნება ეს ბაზრობა, იქნება ტრანსპორტი, ოღონდ სადაც შევძლებთ და გარანტირებულად რომ გავაკონტროლებთ ადამიანთა მობილობას. ზოგიერთ ქვეყანაში არმია ჩააყენეს მაღაზიებში, რომ რიგები ეკონტროლებინათ. ამის კონტროლს მოქალაქეების თვითშეგნება დასჭირდება პირველ რიგში და მე ამის იმედი მაქვს...საზოგადოების დამსახურება იყო ის, რომ ჩვენ შევაკავეთ გაზაფხულზე ამ ვერაგი დაავადების შემოტევა და სამწუხაროდ საზოგადოების „დამსახურებაა“ დიდწილად რომ ეხლა აგვიფეთქდა სიტუაცია. ძაან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს გაანალიზოს და კიდევ ერთხელ შეკავშირდეს.“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „დილის საუბრებში“.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების გეგმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას და დახურული სავაჭრო ობიექტების გახსნას ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG