Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო მომავალი წლის, 740 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს, რომელსაც უწოდა საჩუქარი ჩინეთისა და რუსეთისთვის.

აშშ-ის კონგრესმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღო. დოკუმენტის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდებოდა. კონგრესს შეუძლია ტრამპის ვეტო დაძლიოს.

დონალდ ტრამპმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში ვეტო იმით ახსნა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომებს, ეწინააღმდეგება მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და ამასთან, უპატივცემულობას გამოხატავს ვეტერანების და შეიარაღებული ძალების ისტორიის მიმართ. დონალდ ტრამპი უპატივცემულობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იგეგმება სამოქალაქო ომის პერიოდის, მონათმფლობელი სამხედრო მეთაურების სახელობის ზოგიერთი ბაზისთვის სახელის შეცვლა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმითაც, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი აფერხებს ავღანეთიდან, სამხრეთ კორეიდან და გერმანიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილების აღსრულებას.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვეტო აზარალებს ამერიკელ სამხედროებს და სერიოზულად ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. პელოსის ინფორმაციით, 28 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს კონგრესის ზედა პალატაში - სენატშიც.

სენატში უმრავლესობით წარმოდგენილნი არიან რესპუბლიკელები, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში - დემოკარტები. თავდაცვის ბიუჯეტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავის დროზე მხარი დაუჭირეს კონგრესის ორივე პალატაში. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის ალბათობაც დიდია.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უფლებამოსილება 20 იანვარს ამოეწურება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფიცს დადებს 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG