Accessibility links

logo-print logo-print

ახალციხეში აფეთქება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე რესტორანში


აფეთქება მოხდა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში". საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. დაკეტილი რესტორანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს.

კორპუსში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. დაახლოებით, 19:00 საათზე აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა.

მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მცხოვრები აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა.

„კარ-ფანჯრა თავისით გაიღო. მიწისძვრა გვეგონა, ჩამოვედით და თურმე გაზმა გაჟონა. კორპუსს ძირი აქვს გამოცლილი. სად უნდა წავიდეთ ამ ღამეს არ ვიცით. ცოლ-ქმარი სარდაფში ყოფილა, არ ვიცი რა ბედი ეწიათ. იმასაც ამბობენ, რომ რესტორანში ვიღაცები ყოფილან, ჩუმად ქეიფობდნენო", - ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი გიორგი ქურდაძე აცხადებს: „სარდაფში დაგვხვდა ორი ზრდასრული ადამიანი. ამოიყვანეს, ნანგრევებში მოყვნენ სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა დამწვრობა, იყვნენ სტრესში და გადავიყვანეთ კლინიკა „ევექსში" მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია".

რესტორან „იმერეთის" დირექტორი ბექა ტაბიძე აცხადებს, რომ აფეთქების დროს ძმასთან ერთად რესტორანში იყო და კომპიუტერთან მუშაობდა. ის არ ადასტურებს შენობაში სხვა ადამიანების ყოფნას.

„რესტორანში არავინ იყო, კამერებიც არის ჩართული და შეუძლიათ შეამოწმონ. მე და ჩემი ძმა ვიყავით, კომპიუტერთან ვმუშაობდით. სარდაფში აფეთქდა რაღაც. ჩვენთან არ მომხდარა. დაზიანებულია ყველაფერი, ჭერი, იატაკი. ჩვენ კარგად ვართ, შენობაში ვართ", - ამბობს ბექა ტაბიძე.

დაზიანებული კორპუსის 30-მდე მცხოვრები სასტუმროებში გადაჰყავთ, მათ დაბინავებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. მერის მოადგილის გურამ მელიქიძის განმარტებით, ისინი უკან დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ექსპერტები დაადგენენ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა.

„ხვალ ექსპერტები მოვლენ შემთხვევის ადგილზე და დაზიანებებს შეისწავლიან. თუ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება, ისინი სახლებში დაბრუნდებიან“ - თქვა ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG