Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა


აჭარის მთავრობის წევრები
აჭარის მთავრობის წევრები

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი სამოქმედო გეგმა.

მთავრობის უცვლელ შემადგენლობას, რომელსაც კვლავ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 14-ვე დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო ოპოზიციური ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უმაღლეს საბჭოში შესული ერთადერთი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი.

აჭარის მთავრობის წევრები არიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებთან კონსულტაციის შედეგად.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია 22 დეკემბერს გამართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან და 23 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შესახებ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პროგრამა ორიენტირებულია მოსახლეობასა და კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტურად მართვაზე.

რიჟვაძის განცხადებით, 2021 წელი უნდა იყოს ეკონომიკის აღდგენის, გაჯანსაღების, პანდემიამდე არსებული დადებითი დინამიკის დაბრუნების და ინვესტიციების აღდგენის წელი: "ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა გაგვიჩერდეს. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენგან რეგიონის მოსახლეობა მოელის, არის მაქსიმალური თანადგომა. ყოველდღიურად მძიმდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ეს კარგად გვესმის, განსაკუთრებით სოფელში. ჩვენ ყველგან უნდა მივიდეთ, დავუდგეთ მათ გვერდში“.

თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ აჭარის დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიმართ არანაირი შეკითხვები არ არსებობს: „ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ეჭვქვეშ დააყენოს როგორც ამ ქვეყნის, ასევე ამ რეგიონის მშვიდი და სტაბილური განვითარება. მათ შორის არც ჩასაფრებულ, დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა ''ნაციონალური მოძრაობის'' ავანგარდში ყოფნით და ნურავის ნუ გაუჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, როგორც უმაღლეს საბჭოსთან, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით“.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ეს ბლოკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. ბათუმში ორი თვეა მიმდინარეობს ოპოზიციის საპროტესტო აქციები ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული 7 დეპუტატიდან 6-მა საბჭოს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად. უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატზე უარი არ თქვა ბლოკის საარჩევნო სიის წევრმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG