Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ნავალნის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი. იგი დაკითხვაზე იმყოფება


ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლი, 25 დეკემბერს პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

ალექსეი ნავალნის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა სობოლის სახლიდან ამოიღეს უფლებადამცველის, მისი ქმრისა და ქალიშვილის კუთვნილი ტექნიკა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელის, ივან ჟდანოვის ცნობით, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარით ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის შესახებ, რაც 200 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 დეკემბერს ლიუბოვ სობოლი პოლიციამ დააკავა, ხოლო მოსკოვის სასამართლომ იგი 1000 რუბლით დააჯარიმა რუსეთის ეფესბეს სავარაუდო თანამშრომლისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციის მონაწილის, კონსტანინ კუდრიავცევის, სახლთან მოწყობილი აქციის დროს.

სობოლს ბრალად წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. სამართლდამცველებს სურდათ მისი დაკითხვა ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სობოლმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

ამჟამად ლიუბოვ სობოლი საგამოძიებო კომიტეტში იმყოფება. მისი თანამებრძოლები ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მის მიმართ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG