Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნავალნის ადვოკატის მიმართ, რომელიც ეფ-ეს-ბე-ს აგენტთან შეხვედრას ცდილობდა


ლიუბოვ სობოლი Associated Press-თან ინტერვიუზე მოსკოვში, 2020 წლის 28 აგვისტოს.
ლიუბოვ სობოლი Associated Press-თან ინტერვიუზე მოსკოვში, 2020 წლის 28 აგვისტოს.

რუსეთის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ლიუბოვ სობოლის, კრემლის მიმართ კრიტიკული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატის მიმართ და ის დაკითხვაზე წაიყვანეს 25 დეკემბერს. ამის თაობაზე იტყობინება ფონდის თავმჯდომარე. ივან ჟდანოვის ცნობით, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარის“ მუხლით მას მერე, რაც სობოლმა კარზე დაურეკა აგენტს, რომელმაც თქვა, რომ ეფ-ეს-ბე ოპოზიციონერის მოწამვლაში იყო გარეული.

რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. 25 დეკემბერს პოლიციამ ლიუბოვ სობოლის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ალექსეი ნავალნის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა სობოლის სახლიდან ამოიღეს უფლებადამცველის, მისი ქმრისა და ქალიშვილის კუთვნილი ტექნიკა.

აღნიშნული მუხლი 200 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თქვა ჟდანოვმა, ხოლო მისი ფონდის თანახმად, პოლიციის ნაბიჯი უკავშირდებოდა სობოლის მცდელობას, დალაპარაკებოდა კონსტანტინე კუდრიავცევს. სობოლი ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ აქტივისტებთან ერთად ცდილობდა კუდრიავცევთან შეხვედრას 21 დეკემბერს, იმ დღეს, როცა ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც კუდრიავცევი ლაპარაკობს ეფ-ეს-ბე-ს მონაწილეობაზე მოწამვლაში.

ევროპის სამი ქვეყნის ლაბორატორიებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთეს დასკვნა, რომელიც დაადასტურა ქიმიური იარაღის კონტროლის ორგანიზაციამ, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის „ნოვიჩოკის“ ნერვული გაზით მოწამლეს.

რუსეთი არ აპირებს მოწამვლის ფაქტის გამოძიების დაწყებას, უარყოფს სახელმწიფო აგენტების მონაწილეობას და ამბობს, რომ საჭიროა დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG