Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი საშობაო მიმართვაში: „ყველა ერთ ნავში ვართ“


რომის პაპმა, ფრანცისკემ, ქრისტეშობის დღეს ილოცა იმისთვის, რომ მსოფლიოში დასრულდეს ტანჯვა. 25 დეკემბრის ტრადიციულ მიმართვაში „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ მან ილაპარაკა ადამიანთა შორის ერთობაზე. „ყველა ერთ ნავში ვართ“, თქვა პაპმა სამოციქულო სასახლის კურთხევის დარბაზიდან. ჩვეულებრივ ამ დღეს პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ დიდ მასას მიმართავს ხოლმე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, რაც ამჯერად შეუძლებელი იყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო. ცერემონიას ასამდე პირი ესწრებოდა. პაპმა ილოცა მათთვის, ვინც პანდემიის გამო იტანჯება და ახსენა ქალები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან.

პაპმა თქვა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის, განსაკუთრებით, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, ვინც ყველაზე მეტად იტანჯება. „შევთხოვ ყველას, სახელმწიფოთა მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას, რათა გამოსავალი მოიძებნოს ყველასათვის, ვაქცინა ყველასათვის, განსაკუთრებით ყველაზე სუსტებისა და მიუსაფრებისთვის ყველგან, მთელ პლანეტაზე“, თქვა კათოლიკეთა მამამთავარმა შობის დღეს, როცა კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა საზეიმო ვითარება მკვეთრად შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG