Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის ვარაუდით, წლის ბოლომდე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა არ არის მოსალოდნელი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების გაგრძელების სავარაუდო პერიოდად იანვრის შუა რიცხვებს ასახელებს.

„მეხუთე რაუნდის ჩატარება იმდენ ხანს გაიწელა, რომ პირდაპირ მეექვსე რაუნდზე გადავიდეთ ჯობია, თან ქართულ პოლიტიკაში 5-იანი დათარსული ციფრია", - ხუმრობით აღნიშნა კობახიძემ „პოსტივის" ეთერში და განაგრძო, - „ახლა დაიწყო საშობაო არდადეგები, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უცხოელებისთვის. აქედან გამომდინარე აღარ არის მოსალოდნელი წლის ბოლომდე მეხუთე რაუნდის გამართვა, ალბათ არც ნაახალწლევს. ალბათ უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი მეხუთე რაუნდის გამართვა".

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ იანვარში დაიწყება პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პროცესი. მისი ვარაუდით, იანვარში ორი-სამი პარტია უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი.

8 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე სამი დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG