Accessibility links

site logo site logo

EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართალი არ მიღწეულა


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წლის თავზე ისევ ეხმიანება იქ მომხდარ ამბავს და წერს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ორგანიზაცია წერს, რომ 2020 წლის 25 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება და ეს მაშინ გააკეთა, როცა გენერალური პროკურორი მის პოზიციაზე ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული. ხოლო გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები.

„ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა. გამოძიების პირველ თვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს ჩადენილი დარღვევების იდენტიფიცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების ამოღება ამავე უწყების გამომძიებლების მიერ განხორციელდა. საქმის მასალებიც კი სუს-მა პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუგზავნა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან უკვე ამოღებული და საბოლოოდ, განადგურებული და სავარაუდოდ ფალსიფიცირებული იყო“, - წერს EMC.

ორგანიზაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, რაც, ორგანიზაციის აზრით, გამოძიების სხვა ხარვეზებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ამ ფორმით არაღიარებასაც ნიშნავდა.

საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევის შეუძლებლობის პირობებში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებენ, სადაც ოჯახის ინტერესებს ისევ EMC დაიცავს ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად.

EMC კიდევ ერთხელ უცხადებს მწუხარებას მაჩალიკაშვილების ოჯახს და გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ. ამასთან, EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმემ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში მეტწილად რეპრესიასა და დასჯაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა და მისი მძიმე ადამიანური ბუნება გამოავლინა და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე ინდივიდუალური უფლების აღდგენის მცდელობების მიღმა, ხეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემობრუნებისა და დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრების სისტემური მიზანიც მიიღწეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG