Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა ჯაშუში, ორმაგი აგენტი, ჯორჯ ბლეიკი


ჯორჯ ბლეიკი

99 წლის ასაკაში რუსეთში გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში მოქმედი ცნობილი საბჭოთა ჯაშუში, ჯორჯ ბლეიკი.

„დღეს გარდაიცვალა ლეგენდარული მზვერავი, ჯორჯ ბლეიკი“, - წერს რუსული სააგენტო „ტასს“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესმდივანზე დაყრდნობით.

ჯორჯ ბლეიკი რუსეთში ცხოვრობდა გიორგი ბეხტერის სახელით და მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლად.


იგი 1959 წელს გამოააშკარავეს, როგორც დიდ ბრიტანეთში მოქმედი საბჭოთა ჯაშუში. მანამდე ჯორჯ ბლეიკი იყო ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის აგენტი და მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ნიდერლანდის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ბეხტერი როტერდამში დაიბადა, მისი სახელი დაბადების დროს იყო გეორგ ბეხარი. ცხოვრობდა ეგვიპტესა და ბრიტანეთში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა ნიდერლანდში, სადაც ანტიფაშისტური იატაკქვეშეთის წევრი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებშივე დაბრუნდა ბრიტანეთში, სადაც სამუშაოდ მოეწყო სამხედრო ფლოტში, ხოლო შემდეგ, ჯორჯ ბლეიკის სახელით, სამსახური განაგრძო ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებაში, MI6-ში.

დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდა სეულში დიდი ბრიტანეთის საელჩოში, კორეის ომის დროს ქალაქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების შესვლის შემდეგ ბლეიკი ტყვედ აიყვანეს. პატიმრობაში იგი გახდა კომუნისტი და დათანხმდა საბჭოთა კაგებეში მუშაობას, რის შემდეგაც დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში.


ბლეიკი ორმაგ აგენტად მუშაობდა ბერლინში, მაგრამ ერთ-ერთი გაქცეულის დახმარებით გამოააშკარავეს, ხოლო 1961 წელს მიუსაჯეს 42 წლით პატიმრობა.

ბლეიკი 1966 წელს გაიქცა პატიმრობიდან, მოახერხა ბრიტანეთის დატოვება და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გავლით მოსკოვამდე ჩააღწია.

საბჭოთა კავშირში საბჭოთა ჯაშუშს მიანიჭეს კაგებეს პოლკოვნიკის წოდება. ბლეიკი ასწავლიდა საგარეო დაზვერვის აკადემიაში, ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. მას მინიჭებული ჰქონდა მაღალი საბჭოთა ჯილდოები. 1990 წელს კი ცნობილმა ჯაშუშმა გამოსცა წიგნი: „სხვა არჩევანი არ მქონდა“, სადაც წერდა, რომ კვლავ რჩება ურყევ კომუნისტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG