Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: „ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც“


„პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ , - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორედ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში „შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას“.

„მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც“, - წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი წერს, რომ ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა, რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

„ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ“, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა 20 779-მა ადამიანმა მიიღო.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG