Accessibility links

site logo site logo

ნავალნის მოუწოდებენ რუსეთში დაბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ციხით ემუქრებიან


ალექსეი ნავალნი

რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა კრემლის კრიტიკოსს და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტს, ალექსეი ნავალნის მოუწოდა დაუყოვნებლივ დაბრუნდეს რუსეთში გერმანიიდან - სადაც ის მკურნალობის კურსს გადის საბჭოთა პერიოდის ნერვული აგენტით მძიმედ მოწამვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება.

28 დეკემბრის განცხადებაში საპატიმროთა სამსახური ნავალნის ბრალს სდებს პირობითი სასჯელის დარღვევაში - რაც უკავშირდება 2014 წლის ბრალდებებს გაყალბების თაობაზე.

ნავალნი 20 აგვისტოს გახდა ცუდად, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში. თავდაპირველად მას ციმბირის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სადაც ის ხელოვნურად გამოწვეულ კომაში იყო, შემდეგ კი გერმანიაში გაამგზავრეს სამკურნალოდ.

სამი ევროპული ქვეყნის ლაბორატორიებმა - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დამტკიცებით - დაასკვნეს, რომ ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით. ამ დასკვნის გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ოფიციალურ პირს და სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე ნავალნის სხეულზე საწამლავის კვალი აღმოჩენილი არ იყო და უარს აცხადებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ინციდენტის გარშემო. ნავალნი მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

საპატიმროთა სამსახურს მოაქვს ბრიტანეთის სამედიცინო გამოცემა "ლანცეტში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც წერია, რომ ნავალნი სექტემბერში გაწერეს ბერლინის შარიტეს საავადმყოფოდან და ოქტომბრის შუა რიცხვებში ის უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იყო.

"მსჯავრდებული კაცი არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და თავს არიდებს კრიმინალური ინსპექციის ზედამხედველობას" - აცხადებს ფედერალური სამსახური.

ნავალნისთვის დაწესებული საპრობაციო პერიოდი 30 დეკემბერს იწურება. თავად ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პირობითი სასჯელი შეიძლება პატიმრობით შეიცვალოს, თუკი შესაბამისი უწყება დაადგენს, რომ პირი პირობებს არღვევდა.

ნავალნი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნდება - თუმცა არ აკონკრეტებს როდის - ამ მოთხოვნას აფასებს რუსეთის მთავრობის მხრიდან მისი მოწამვლის ფაქტის აღიარებად.

ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა ტვიტერით დაწერა, რომ ის რუსეთში მოცემულ ვადაში ვერ დაბრუნდება, რადგან კვლავ აგრძელებს მკურნალობას.

ნავალნიმ ახლახან სკანდალი გამოიწვია, როცა 21 დეკემბერს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი სატელეფონო საუბრისა ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცერთან, რომელიც ღიად საუბრობს მისი მოწამვლის შესახებ. უშიშროების წარმომადგენელს, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა როგორც კონსტანტინ კუდრიავცევი, თავად ნავალნი ელაპარაკება, თუმცა მას თავი მოაქვს უშიშროების სტრუქტურების ოფიციალურ პირად და, როგორც საუბრიდან ჩანს, კუდრიავცევი ამას იჯერებს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ჩანაწერს ყალბი უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG