Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში. პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ.

„მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18:00 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17:00 საათზე", - განმარტავს საია.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები 2 დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12-საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2021 წლის პირველ ივნისამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG