Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოომბუდსმენი: ნებისმიერი გაძვირება უარყოფითად აისახება მომხმარებელზე


სალომე ვარდიაშვილი
სალომე ვარდიაშვილი

ელექტროენერგიის გაძვირება უარყოფითად აისახება მომხმარებლის ინტერესებზე, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. მისი შეფასებით ეს ეხება არა მხოლოდ საცალო მომხმარებელს, არამედ კომერციულ სექტორს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც, მის თქმით, ისედაც ცუდ დღეში არიან. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გადაცემაში სალომე ვარდიაშვილმა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მართებულობა შეაფასა და განაცხადა, რომ კომისიამ მისი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა:

„მარეგულირებელმა კომისიამ მუშაობის პროცესში გაითვალისწინა ფაქტობრივად ყველა რეკომენდაცია, რომელიც მომხმარებლის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით დავსვი და მეორე თვითონ თავისი ინიციატივით, დანახარჯების ნაწილიდან, დანახარჯების კომპონენტებიდან ამორიცხა ყველა ის ხარჯი, რომელიც არ მიიჩნია საჭიროდ.

„თელასის“ შემთხვევაში ამ ხარჯმა შეადგინა 16 მილიონი ლარი რაც კომპანიამ წარმოადგინა და ითხოვდა ტარიფში გათვალისწინებას და „ენერგოპროჯორჯიას“ შემთხვევაში იყო 12 მილიონი ლარი, რომელიც არ გაითვალისწინა. ანუ ეს ხარჯები საოპერაციო დანახარჯებიდან მთლიანად იქნა ამორიცხული“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „დილის საუბრებში“ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სემეკის ამ გადაწყვეტილებით კომპანიებიც უკმაყოფილონი დარჩნენ, დაისვა საკითხი, რომ მომხმარებელს მომსახურების ხარისხი არ უნდა გაუუარესდეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი გაეზარდათ. კერძოდ, სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი - 11-დან 14 თეთრამდე.

დენის ფასის გაზრდის შემდეგ თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასიც გაიზარდა. თბილისში მათთვის, ვინც მრიცხველს მოიხმარს, ფასთა შორის სხვაობა 17 თეთრია, ვინც "სულადობრივად", მრიცხველის გარეშე იხდის - 63 თეთრი.

1 მ3 წყლის მოხმარების საფასური 32,9 თეთრიდან 50 თეთრამდე იზრდება;

"სულადობრივი" გადასახადი - 3,89 ლარიდან 4,51 ლარამდე.

ელექტროენერგიისა და წყლის ახალი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა. მთავრობა გეგმავს, ელექტროენერგიის მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობა სრულად დაუსუბსიდიროს იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. წყლის გადასახადის სუბსიდირება შეეხებათ ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG