Accessibility links

site logo site logo

კალაძის თქმით, გლდანში გზის რეაბილიტაციის დროს 200 ათასი ლარის ღირებულების მილები მოიპარეს


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დროს 200 ათასი ლარის ღირებულების 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილები მოიპარეს. მერის ინფორმაციით, მოკვლევა უწყების აუდიტის სამსახურმა ჩაატარა.

"ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია", - თქვა კალაძემ.

მან გლდანში ამავე გზასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა. როგორც მერმა აღნიშნა, მოკვლევის შედეგები შესასწავლად პროკურატურას გადაუგზავნა.

"ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა", - განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG