Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიდა


როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მისი განმარტებით, მსგავსი დახმარების გაწევა ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, „საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო“.

„პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა: კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას; ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინკონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმოს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას. ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი; რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 8675 შემთხვევა, მათგან 6786 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 113 ადამიანი. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. არ მუშაობს სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG