Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ზედამხედველ ორგანოს ადანაშაულებენ "დამოუკიდებლობის შეზღუდვაში"


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შენობა პრაღაში.

რადიო თავისუფლების სარედაქციო საბჭომ და 23 ენაზე მომუშავე სამსახურების მთავარმა რედაქტორებმა საპროტესტო წერილი გაუგზავნეს საზედამხედველო სააგენტოს ხელმძღვანელს და დაადანაშაულეს ის ტრადიციული ორპარტიული მიდგომიდან ”უპრეცედენტო უკანდახევასა” და ”იმ მედიაორგანიზაციის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში, რომლის დაცვაც აქვს მინდობილი.“

წერილი აშშ-ის საერთაშორისო მედიის სააგენტოს (USAGM) აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ პაკს ასევე ადანაშაულებს „ბოლო წუთს განხორციელებულ ძალისხმევაში, უზრუნველყოს მხოლოდ ერთი პარტიის კონტროლი რადიო თავისუფლებაზე“, არჩეული პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ფიცის დადებამდე, რომელიც იანვარშია დაგეგმილი.

USAGM-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2018 წელს წარდგენილი მაიკლ პაკი აშშ-ის სენატმა 2020 წლის ივნისში დაამტკიცა.

პაკის მისამართით წერილი, რომელიც 30 დეკემბრითაა დათარიღებული და რომელსაც რადიო თავისუფლების შვიდკაციან სარედაქციო საბჭოსთან ერთად ხელს აწერს სხვადასხვა ენაზე მაუწყებელი სამსახურების დირექტორების აბსოლუტური უმრავლესობა, გადაეგზავნა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას, რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებსა და კონგრესმენებს, ასევე არჩეული პრეზიდენტის ტრანზიციის გუნდის ხელმძღვანელს აშშ-ის საერთაშორისო მედიის სააგენტოში.

რადიო თავისუფლება ელოდება კომენტარს USAGM–ისგან. CNBC-სთან კომენტარში მაიკლ პაკმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტების წერილს „უზუსტობით სავსე“ უწოდა და განაცხადა, რომ არასოდეს უცდია შეეზღუდა პოლიტიკური ზეგავლენისგან მედიაორგანიზაციის დამოუკიდებლობა. პირიქით, ასრულებდა და ასრულებს დაკისრებულ ამოცანას აშშ-ის საერთაშორის მედიის (USAGM) მისიის შესაბამისად.

ბოლო კვირების განმავლობაში ბაიდენმა და მისმა გარდამავალმა გუნდმა USAGM-ში, რიჩარდ სტენგელის მეთაურობით, განაცხადეს, რომ ისინი ზედმიწევნით განიხილავდნენ პაკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მიანიშნეს, რომ შესაძლოა ჩაანაცვლონ სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა ბუნდოვანია, რამდენად მარტივი იქნება უკვე მიღებული საკადრო და სხვა გადაწყვეტილებების შეცვლა.

ნოემბერში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პაკი არასათანადოდ მოქმედებდა იმ საერთაშორისო მაუწყებლების ახალი ამბების გაშუქებისა და სარედაქციო პერსონალის მიმართ, რომლებსაც მისი სააგენტო აკონტროლებს და უბრძანა მას, შეეწყვიტა შესაბამისი ჩარევა მედიაორგანიზაციების საქმიანობაში.

წერილს წინ უძღოდა პაკის მიერ ამერიკის ხმის ყოფილი ჟურნალისტის, ტედ ლიპიენის რადიო თავისუფლების პრეზიდენტად დანიშვნა სხვა სააგენტოების ხელმძღვანელების დანიშვნების კვალდაკვალ.

30 დეკემბრის წერილში რადიო თავისუფლების ჟურნალისტები აკრიტიკებენ პაკის მიერ მაუწყებელთან საგრანტო ხელშეკრულების გადახედვის მცდელობას ფინანსური ავტონომიის ”გაუქმების” მიზნით და მის მიერ ”რადიოსა და დირექტორთა საბჭოში დანიშნული წევრების ორი წლის ვადით” შენარჩუნების სურვილს.

წერილი ამტკიცებს, რომ ასეთი ნაბიჯი "ეწინააღმდეგება დანიშვნის პროცედურებს, რომელიც გათვალისწინებულია კანონში და რადიოს შინაგანაწესში და წარმოადგენს პოლიტიკური ძალის დემონსტრირების ისეთ ილეთს, რომლის მოწმე რადიო თავისუფლება ხშირად ხდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა რუსეთი, უნგრეთი, ბელარუსი და ტაჯიკეთი".

წერილში ნახსენებია რუსეთში "უცხოელი აგენტების" შესახებ ახალი კანონმდებლობა, რომელიც თავისუფლების ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. ასევე ნახსენებია რადიო თავისუფლების 21 ბიუროს 1000-მდე ჟურნალისტი, რომელთაგან ბევრი განიცდის ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან შევიწროებას, ზოგი დაპატიმრებულიცაა. ნათქვამია ისიც, რომ რადიო თავისუფლების ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა 2020 წელს.

მაიკლ პაკი აშშ-ის სართაშორისო მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას ექვსი თვის წინ შეუდგა და პირველივე დღეებში დაითხოვა სააგენტოს დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის რადიო თავისუფლების აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი, შემდეგ კი უარი თქვა ეპასუხა კონგრესის წარმომადგენლების შეკითხვებზე, რომლებიც მის ამ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა.

დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მაიკლ პაკი დაადანაშაულეს აშშ-ის საერთაშორისო მედიის სააგენტოს ქსელის ტრამპის მომხრე მედიასაშუალებად გადაქცევის მცდელობაში.

მედიაორგანიზაციებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს USAGM, კანონი ავალდებულებს, იყვნენ ობიექტური და დაბალანსებული. რადიო თავისუფლების წერილი პაკს ადანაშაულებს იმაში, რომ "არა მხოლოდ არ იზრუნა რადიო თავისუფლების მიმართ თავისი მოვალეობის შესრულებაზე", არამედ ასევე "განზრახ გადადგა ნაბიჯები ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ და მის დასასუსტებლად".

”ჩვენი ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მოღვაწეობის დარჩენილი დღეები, რათა ხელი შეუწყოთ ძალაუფლების შეუფერხებლად, პროფესიონალურად და გამჭვირვალედ გადაცემას სააგენტოს მომავალი ადმინისტრაციისთვის.”- ნათქვამია წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG