Accessibility links

site logo site logo

ხოშტარია და დეკანოიძე „გლდანის ციხესთან" მივიდნენ „პოლიტპატიმრების" მხარდასაჭერად


პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ #8 პენიტენციურ დაწესებულებასთან („გლდანის ციხესთან") ფრანები გაუშვეს და „პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს" მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ამ ტრანსპარანტით ისინი მოითხოვენ „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუასა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

ოპოზიცია რურუას, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

გიორგი რურუა კი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG