Accessibility links

site logo site logo

საქველმოქმედო ორგანიზაცია: ავღანეთში 300 ათასზე მეტი ბავშვია საფრთხეში სუსხიანი ზამთრის პირობებში


ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვები“ (Save the Children) აცხადებს, რომ სუსხიან ზამთარში 300 ათასზე მეტი ავღანელი ბავშვი იბრძვის გადარჩენისთვის სათანადო ტანსაცმლისა და გათბობის გარეშე.

ქვეყანაში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ათასობით ბავშვი იძულებული გახდა მიეტოვებინა სახლ-კარი და ადგილნაცვალი პირებისთვის განკუთვნილი თავშესაფრებისა და ბანაკებისთვის შეეფარებინა თავი, წერს „გადაარჩინეთ ბავშვები“ საახალწლო განცხადებაში. „იქ მათ ემუქრებათ შიმშილი, ავადმყოფობები, მათ შორის COVID-19, ყინვაში სიკვდილიც კი,“ აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ავღანეთის განყოფილების დირექტორის, ქრის ნიამანდის თქმით, ჩრდილოეთ ავღანეთში ნაადრევმა თოვლმა „განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა ბავშვებზე“.

ავღანეთის ყველაზე ცივ რეგიონებში მარტამდე დაიხურა სკოლები. მთაგორიან ავღანეთში ბევრგან არის დიდთოვლობა და -30 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა.

„გადაარჩინეთ ბავშვები“ აცხადებს, რომ ის მარტამდე პერიოდში ზამთრისთვის აუცილებელი ნივთებით მოამარაგებს 100 ათასზე მეტ ოჯახს ავღანეთის 34 პროვინციიდან 12 პროვინციაში.

ნოემბერში საქველმოქმედო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ავღანეთში 2005-2019 წლების პერიოდში ომის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა 26 ათასზე მეტი ბავშვი. მისი თქმით, ამ სტატისტიკის მიხედვით, ავღანეთი მსოფლიოში ყველაზე უფრო სახიფათო ქვეყანაა ბავშვებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG