Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის ვეტოს დაძლევას


აშშ-ის სენატმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი თავდაცვის ხარჯებისა და პოლიტიკის შესახებ ფართო მასშტაბის კანონპროექტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტოს დაძლევას და ამგვარად გააუქმა პრეზიდენტის მიერ ამ კანონპროექტის უარყოფა.

1 იანვარს, არდადეგების პერიოდის უჩვეულო სხდომაზე 81-მა სენატორმა დაუჭირა მხარი ვეტოს უკუგდებას სენატში, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ. ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა საამისოდ აუცილებელ ორ მესამედზე ბევრად მეტმა.

მანამდე იგივე გააკეთა დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ და 28 დეკემბერს ვეტო დაძლია 322 ხმით 87-ის წინააღმდეგ.

ეს პირველი შემთხვევაა, რაც ტრამპის ვეტო იქნა დაძლეული მისი პრეზიდენტობის თითქმის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში. კონგრესის ეს ნაბიჯი ფართოდ მიიჩნევა რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიმართ მკვეთრ კრიტიკად.

კანონპროექტი ითვალისწინებს 740 მილიარდ დოლარზე მეტს სამხედრო პროგრამებისა და მშენებლობისთვის. ტრამპმა კანონპროექტს ვეტო დაადო, ვინაიდან პრეზიდენტი ეწინააღმდეგება გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სახელების შეცვლას აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის, რომლებსაც ამჟამად ეწოდება მე-19 საუკუნის სამოქალაქო ომში სეცესიონისტური და მონათმფლობელობის მომხრე სამხრეთის შტატების ლიდერთა სახელები. მან ასევე მოითხოვა, რომ სოცმედიის კომპანიებს მოეხსნათ პასუხისმგებლობისგან დაცვა და შეეწინააღმდეგა ფორმულირებას, რომელიც შეანელებს აშშ-ის ჯარების გაყვანას ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა ავღანეთი და გერმანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG