Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: „პატრიოტთა ალიანსის" შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო „ჩახსნილი" 


პირადი განცხადებების საფუძველზე „პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის გადაწყვეტილება განმარტა.

„პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო „ჩახსნილი" და, ამავდროულად, სიის მომდევნო წევრები საჯაროდ აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში. ასეთი შემთხვევა თუ იქნება ხვალ სხვა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ხელს არ შევუშლით პროცედურული და ტექნიკური დეტალებით“, - თქვა მან.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არამხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მიხვდება, რომ „ორი პარტიის - ე.წ. ევროპული საქართველოს და „ნაცმოძრაობის" ბულინგს, მესიჯბოქსს, ნარატივს, დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში".

მე-10 მოწვევის პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატიდან სამს, რომლებსაც დაწერილი ჰქონდათ პირადი განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე. მანდატები გაუუქმდათ: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ ის აპირებდა პარლამენტში შესვლას.

ენუქიძის გარდა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტში შესვლის საშუალება ასევე აქვთ უპარტიო პირებს, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ სიაში მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებად იყვნენ წარმოდგენილი; ესენი არიან: ზაზა (გელა) მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ამბობს, თუ ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. ინაშვილის თქმით, სხვა ბიზნესმენები, რომლებიც პარტიულ სიაში არიან, პარტიის წევრები არ არიან, ისინი მისი შემომწირველები იყვნენ.

„პატრიოტთა ალიანსს" ცესკოსთვის „სათადარიგო" სიის „გაბათილების" მოთხოვნით არ მიუმართავს, მათ ინდივიდუალურად დაწერეს განცხადებები, თუმცა ზოგმა შესაძლოა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში.

დანარჩენი ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG