Accessibility links

logo-print logo-print

მიქაძემ, ინჯიამ და ზილფიმიანმა ცესკო-ს მიმართეს დეპუტატის ადგილმონაცვლედ ცნობის საკითხზე  


„პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის „სათადარიგო" წევრებმა ცესკო-ს მიმართეს ადგილმონაცვლედ ცნობის მოთხოვნით. გელა მიქაძის (სიაში მე-5 ნომერი), ფრიდონ ინჯიას (სიაში მე-7 ნომერი) და დავით ზილფიმიანის (სიაში მე-8 ნომერი) განცხადებების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში. როგორც მათ განმარტეს, ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით დგინდება ადგილმონაცვლე და დოკუმენტი ეგზავნება პარლამენტს. პარლამენტი კი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

პირადი განცხადებების საფუძველზე „პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის (ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის) დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 4 იანვარს, მიიღო.

საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ არ აპირებს პარლამენტის დატოვებას.

„პატრიოტთა ალიანსს" ცესკოსთვის „სათადარიგო" სიის „გაბათილების" მოთხოვნით არ მიუმართავს, მათ ინდივიდუალურად დაწერეს განცხადებები, თუმცა ზოგმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში.

დანარჩენი ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG