Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიაში დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს, ვინ გააკონტროლებს აშშ-ის სენატს


დღეს, 5 იანვარს ჯორჯიის შტატში გაიმართება სენატორების არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგი გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს აშშ-ის კოგრესის ზედა პალატას - სენატს.

სენატში ორი ადგილისთვის იბრძვიან რესპუბლიკელები კელი ლეფლერი და დევიდ პერდიუ და დემოკრატები ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი. პირველ ტურში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 3 ნოემბერს ჩატარდა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.

თუ მეორე ტურში რესპუბლიკური პარტიის ერთი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს, 100-წევრიან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ. დემოკრატიული პარტიის ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სენატში ძალთა თანაფარდობა იქნება 50/50-ზე, მაგრამ უპირატესობა დემოკრატებს ექნებათ, რადგან კენჭისყრების დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტი ხმა აქვს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს. ამ თანამდებობას 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დაიკავებს დემოკრატი კამალა ჰარისი.

ნოემბერში აშშ-ში ჩატარდა კონგრესის ორივე პალატის არჩევნები. დემოკრატებმა უმრავლესობა შეინარჩუნეს ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. თუ სენატში უმრავლესობით რესპუბლიკელები დარჩებიან, სენატი შეძლებს დაბლოკოს მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული და წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტები.

მეორე ტურამდე ჩატარებული გამოკითხვებით, სენატორობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. 1992 წლის შემდეგ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პირველი კანდიდატია, რომელმაც ჯორჯიაში დაამარცხა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯორჯიაში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს.

სენატორების არჩევნების მეორე ტურის წინ, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის ქალაქ დალტონში გამოვიდა რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდამჭერთა მიტინგზე და განაცხადა, რომ დემოკრატები ცდილობენ თეთრი სახლის და სენატის მიტაცებას და ეს არ უნდა დაუშვან.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად ატლანტაში გამართულ მიტინგზე თქვა, რომ მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არასდროს ყოფილა სიტუაცია, როცა ერთ შტატს შეუძლია ქვეყნის კურსი განსაზღვროს არა მხოლოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არამედ მთელი თაობებისთვის.

ამ კვირაში კონგრესის ორივე პალატის წევრები უნდა შეიკრიბონ გაერთიანებულ სხდომაზე და კენჭი უყარონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას. რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვებას სადავოდ მიიჩნევს და მოითხოვს, შეიქმნას კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს გადაამოწმებს.

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დეკემბერში გამოაცხადა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლეგიის 232 წევრის ხმა მიიღო, ხოლო ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, არჩევნების შედეგი სადავოდ აქციონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG