Accessibility links

site logo site logo

ფიქრია ჩიხრაძე: ხელისუფლება მაინც ადგას დროის გაჭიმვის გზას


ფიქრია ჩიხრაძე

„რომ გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში გვაქვს მეხუთე რაუნდის გამართვის გარდაუვალი მოლოდინი, ეს ასე არ არის“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ხელისუფლება დროის გაჭიმვის გზას მაინც ადგას:

„მოგეხსენებათ, გუშინ მათ მოიწვიეს სხდომა სასწრაფოდ, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მანდატების შეწყვეტაზე მიიღეს გადაწყვეტილება. ხოლო დანარჩენი გადაწყვეტილებები გადადეს გაურკვეველი დროით. ანუ ეს პროცედურა ემსახურებოდა იმას, რომ მათ პლუს სამი ადამიანი მიიმატონ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობიდან და ალბათ თვითონ აქვთ განცდა, რომ ამით გარკვეული იმიტაცია უნდათ, რომ შექმნან არაერთპარტიული მოცემულობის. მე არ ვიცი, შესაძლოა, აქვთ განცდა, რომ კიდევ ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს, ერთი-ორი ადამიანი პარლამენტში, მაგრამ რეალურად ისინი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ იაზრებენ იმ კრიზისს, რომელიც გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა ქვეყანაში“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემაში. მისი თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია ხელისუფლების წინადადებებსა და შეთავაზებებს ელოდება:

„იცით, რომ ჩვენ წლის ბოლოსაც გვქონდა გარკვეული მოლოდინის რეჟიმი იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ის მდგომარეობაა, როდესაც უკვე ხელისუფლება უნდა მოვიდეს მაგიდასთან თავისი წინადადებებით და თავისი შეთავაზებებით. ჩვენი მხრიდან რა კომპრომისებიც შესაძლებელი იყო ამ ვითარებაში, დაიდო ის კომპრომისები, მაგალითად, იგივე თუნდაც პლებისციტის სახით და ჯერჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო ფასილიტატორები, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასე რომ, მე ვერ გეტყვით, როდის შედგება მეხუთე რაუნდი. იმედი გადაწურული, ამოწურული, ასე ვთქვათ, არ არის და, გარკვეულწილად, არის რაღაც პროცენტი იმისა დარჩენილი, რომ ხელისუფლებამ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის პროტესტი შეუქცევადად გაგრძელდება.

ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველმა პარტიამ მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობის მზადყოფნა გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG