Accessibility links

logo-print logo-print

ხატია დეკანოიძე: მოუწევს ხელისუფლებას თავისი წითელი ხაზის გადახედვა


ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მის მიერ დაწესებული ისეთი წითელი ხაზის გადახედვა, როგორიც ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების გამართვაა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გარდაუვლად დადგება და საჭიროა ახლა ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც კომპრომისისკენ იქნება მიმართული:

„ეს კომპრომისი უნდა იყოს იმ მოთხოვნების შესრულება და ამ მოთხოვნების გარშემო კომპრომისი, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომლის თქმითაც, ახლა უკვე ვადებზე საუბრის დროა:

„ახლა ალბათ უკვე უნდა იყოს ვადებზე საუბარი. იმიტომ რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები მოჰყვა, მათ შორის, მოჰყვა საუბარი სერბულ მოდელზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან 2022-ზე საუბარი, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. კიდევ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განიმუხტოს კრიზისი. კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველმა პარტიამ მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობის მზადყოფნა გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG