Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კატარში მიემგზავრება


ამირან პაპინაშვილი „მსოფლიოს მასტერსს" გამოტოვებს
ამირან პაპინაშვილი „მსოფლიოს მასტერსს" გამოტოვებს

ძიუდოში 2021 წლის სეზონს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, „მსოფლიოს მასტერსი“, გახსნის. შეჯიბრება, რომელიც უძლიერეს მონაწილეთა კრებულით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებსაც კი სჯობნის, 11-13 იანვარს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების თხუთმეტი წევრიც მიიღებს.

„მსოფლიოს მასტერსზე“ თითოეულ წონით კატეგორიაში რეიტინგის ოცდათექვსმეტი საუკეთესო ძიუდოისტი იყრის თავს. ოლიმპიადაზე ერთ ქვეყანას წონაში მხოლოდ ერთი სპორტსმენის დაყენება შეუძლია, რაც შედარებით სუსტი ქვეყნების ნაკრებებსაც უხსნის გზას, „მასტერსზე“ კი ეს შეზღუდვა მოხსნილია და ხელწამოსაკრავი მეტოქეც თითქმის არ არსებობს.

სეზონის გამხსნელ შეჯიბრებაზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრების თოთხმეტი წევრი მიიწვიეს. მათ შორის მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის პრიზიორი ამირან პაპინაშვილიც იყო, მაგრამ მისი დოჰაში გამგზავრება ახლახან გამოირიცხა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, მიზეზად პაპინაშვილის სპორტული ფორმა დაასახელა. საქართველოს ქალთა ნაკრები მომავალ ტურნირზე ორი ძიუდოისტით გამოვა.

დოჰაში გასამართ „მსოფლიოს მასტერსს“ ერთი დამატებითი დატვირთვაც ექნება - შედეგების მიხედვით, სპორტსმენები 2021 წლის ზაფხულში გასამართი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს მიიღებენ.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების სამასტერსე განაცხადი: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე 60 კილოგრამი წონითი კატეგორია), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი (სამივე +100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG