Accessibility links

logo-print logo-print

2020 წელი 4 სიმღერაში


გასული წელი, ოხერი, უცნაური რამე იყო. სიტყვებით გადმოცემა რომ გაგიჭირდება, ისეთი. საბედნიეროდ, მის აღსაწერად მხოლოდ სიტყვები არა გვაქვს - სიმღერებიც გამოდგება. აი, 4 სიმღერა, რომელიც ამ მართლაც მურტალ 2020-ს კარგად აღწერს.

4. „კასტა“ – „სასეირნოდ გამოდი“

კი, ბატონო. ვეტერანი რუსი რეპერების ტრეკი იდეაში 2019 წლის ალბომიდანაა, მაგრამ ახალი სიცოცხლე კლიპთან ერთად შეიძინა, რომელიც სწორედაც რომ 2020 წელს დადეს „იუტუბზე“. ვიდეოს გარეშე სიმღერის არსი ცოტა რთულად გასაგებია, მაგრამ, აი, კლიპი კი ყველაფერს უფრო ცხადად აჩვენებს. ყველაზე მეტად „სეირნობა“ ბელარუსებმა იგრძნეს, სადაც სისხლიანი ომონელის პერსონაჟს ლამის ყოველდღე ხედავდნენ ქუჩაში და ეს ამ ვიდეოს ქვეშ მიწერილი კომენტარებიდანაც კარგად ჩანს. თუმცა, როსტოველი ძმების (ხო მართლა ძმები არიან? „კასტაზე“ ამომწურავი ინფორმაცია არა მაქვს და იმედია, რომ სადღაც „კრიმ ნაშ“ არ მიუწერიათ ან „დავაი ტბილისი ბამბიწ“ არ გაურეპავთ) ნამუშევარს ყველგან დააფასებენ, სადაც მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით გადიან ქუჩებში და არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა საღამოს სახლში.

3. „ბედფორდ ფოლზ“ – „მაკედონია“

Bedford Falls უკვე რამდენიმე წელია, რაც საუკეთესო ქართული როკ-ჯგუფების ჩამონათვალში მოიხსენიება. გასულ წელს კი რამდენიმე ისეთი სიმღერა დადეს, რომ შეიძლება ამ სიის სათავეში მოექცნენ კიდეც. Macedonia სახლში გამოკეტილებმა დაწერეს, რაც ტექსტს ეტყობა, ჩანაწერის ხარისხს კი - არა. ზუსტად რაზეა სიმღერა სულაც არაა ძალიან გასაგები, მაგრამ, აი, პანდემიას კი უხდება. Stay inside - მღერიან და ეს ფრაზა სხვადასხვა დატვირთვას იძენს იმის მიხედვით, თუ როგორ გუნებაზეა მსმენელი. ხან მოწოდებასავით ჟღერს - წლის დასაწყისში რომ ყველა ცნობილი და უცნობი ოპტიმისტურად ქადაგებდა - დარჩით შინ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ხან კი პირიქით - „აუ, კიდევ სახლში უნდა ვიჯდე“ განწყობა მოაქვს. ერთიც და მეორეც ძალიან 2020-ია.

2. ეგზიბიტი, ბი-რიალი და დემრიკი - „სემის ზაფხული“

ჩამონათვალში ვეტერანი რეპერების კიდევ ერთი კოლექტივი გვყავს, ამჯერად ამერიკიდან. თითქოს ან რაღა დროს Xzibit-ია, ან ვიღაც ახსოვს Cypress Hill, მაგრამ იცით რა, უხდება ეს ტრეკი გასულ წელს. ცოტ-ცოტა ყველაფერს შეეხება - კორონავირუსსაც, ამერიკაში არსებულ რასობრივ დაპირისპირებას, პანდემიით გაღრმავებულ ეკონომიკურ უთანასწორობასაც... ისე, როსტოველი ძმებისა არ იყოს, ამ სიმღერის მისამღერსაც წესით ყველა გულთან ახლოს მიიტანს. ფრაზას - „ჩვენს მეტი არავინ გვყავს“ - ამერიკელიც კარგად გაიგებს, ქართველიც, სომეხიც და ფრანგიც.

1. „გორილაზ“ – „უცნაური დროება“

ჯერ, ვიდრე უშუალოდ სიმღერაზე გადავიდოდე, იმ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩამონათვალის წაკითხვისას გაგიჩნდათ - ჯგუფების სახელების და სიმღერის სათაურების ქართულად თარგმნა რამე ახალი მოდაა? თავიდან თავადაც მეხამუშა, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ჯერ „კასტის“ გამო რუსული კლავიატურის დაყენება დამეზარა, მერე კი ვიფიქრე, რომ „კოპი-პეისტითაც“ გადმოვიტანდი მაგრამ ამასობაში ეს თარგმანები მომეწონა და ბარემ დავტოვე. ესე იყო ეგ საქმე.

რაც შეეხება Strange Timez-ს, რა დიდი ახსნა უნდა, თუ რას აკეთებს ამ ჩემს სიაში. დეიმონ ალბარნი და რობერტ სმიტი „უცნაურ დროებაზე“ მღერიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG