Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია


გალის რაიონის სოფლებში ხანძარი 4 იანვარს, ღამით გაჩნდა
გალის რაიონის სოფლებში ხანძარი 4 იანვარს, ღამით გაჩნდა

ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში ტყის მასივებიდან გავრცელებული ხანძარი თითქმის სრულად ლიკვიდირებულია. რადიო თავისუფლების წყარო ოკუპირებული გალიდან იუწყება, რომ წუხელ ხანძრის კერები ჩააქრეს სოფელ სიდასთან და ქვემო ბარღებში, სადაც საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაურჩა. სამი სახლი დაიწვა სოფელ ზემო ბარღებში. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გალის რაიონის სოფლების მცხოვრებთა დიდ ნაწილს ხანძარმა გაუნადგურა თხილის ბაღები, ყანები, დამხმარე ნაგებობები და საქონლის სადგომები. რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ პირუტყვი პრაქტიკულად, საკვების გარეშე დარჩათ, რადგან საკვებს დამხმარე ნაგებობებში ინახავდნენ.

ხანძრის გარდა, გალის რაიონის სოფლები დააზარალა ძლიერმა ქარმა, რომელმაც სახლებს სახურავი სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა.

ოკუპირებული გალის რაიონის ტყეებში ხანძრები 4 იანვარს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად მოედო ათამდე სოფლის დასახლებულ ტერიტორიებსაც. ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად სოფლების მცხოვრებნი ცეცხლს საკუთარი ძალებით აქრობდნენ.

ხანძრის გამო, საქართველოს მთავრობამ დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ე.წ. ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრებია სხვა რაიონებშიც. სააგენტო „აფსნიპრესი“ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტყე იწვის გუდაუთის რაიონის სოფელ ფსირცხასთან მდებარე მთაზე, თუმცა, დასახლებულ პუნქტებს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურს ამ ეტაპზე არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ტყის ხანძრის ჩასაქრობად რუსეთს თხოვოს ვერტმფრენით დახმარება. სოციალური ქსელებით ვრცელდება ცნობები, რომ ხანძრის კერებია სოხუმის და გაგრის მახლობლადაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG