Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური კავშირების დინამიკა 2008 წლის ომის შემდგომ


ავტორი: გიორგი კეკელიანი

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ქარტია ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

ქარტია წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზს. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.

ქარტიის მიხედვით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით, აშშ განახორციელებს გაძლიერებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამას, რაც გაზრდის საქართველოს პოტენციალს და გააძლიერებს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობებს. გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ საფრთხეების არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები გააფართოვებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პროგრამებს, იბრძოლებენ მასობრივი განადგურების იარაღისა და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ. ეკონომიკისა და ვაჭრობისა სფეროებში თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო და აშშ განაახლებენ ხელშეკრულებას ორმხრივი ინვესტიციების შესახებ, გააფართოვებენ პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში საქართველოს ჩართულობას და განიხილავენ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობას. შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ომის შემდგომი რეკონსტრუქციისა და ფინანსური სტაბილურობის საქმეში. საქართველო და აშშ ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ რეფორმებსა და ლიბერალიზაციის პროცესს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებას. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, მხარეები შეისწავლიან საქართველოს ენერგეტიკული პროდუქციის ზრდის შესაძლებლობებს და გააძლიერებენ საქართველოდან ევროპული ბაზრებისკენ ენერგომატარებლების ტრანზიტის ფიზიკურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად, საქართველო და აშშ განავითარებენ ენერგოინფრასტრუქტურის ახალ სამხრეთულ დერეფანს, რაც ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ ევროპას დაეხმარება ბუნებრივი აირის უსაფრთხო იმპორტირებაში აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან. დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ, რათა გაძლიერდეს მედიის თავისუფლება, პარლამენტი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. კულტურის, განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში გაიზრდება გაცვლითი პროგრამები, აგრეთვე აშშ გეგმავს სავიზო პროცედურების გამარტივებას აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეთათვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება აგვისტოს ომის დროს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მედია გამოცემების აღდგენაში.

2013 წლის 26 ივლისს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან (აშშ დოლარის ) მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. აქცენტი კეთდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

საქართველო რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ეს გამოიხატა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაში. საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტია. 2018 წლის 23 მარტს, ძალაში შევიდა აშშ-ის ბიუჯეტის კანონი, იგივე, კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის კანონში, 2017 წლის მსგავსად, შენარჩუნებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები, ან რაიმე სახით მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონიდან გამომდინარე ნაურუმ, კუნძულოვანმა ქვეყანამ წყნარი ოკეანეთის რეგიონში, დაკარგა აშშ-ის დაფინანსება. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს, გაეროს ბავშვთა ფონდს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და გაეროს ფონდს. ეს ორგანიზაციები ნაურუს ეხმარებოდნენ, ხოლო ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერის შემდეგ ქვეყანამ დაკარგა დაფინანსება. წყნარი ოკეანეთის რეგიონის ორმა დანარჩენმა სახელმწიფომ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მოგვიანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა 2018 წლის 26 ივნისს წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტური იყო. აღსანიშნავია, რომ აშშ-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკემდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. ამავე წლის 13 აგვისტოს კი განხორციელდა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში,რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, დევინ ნუნესი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებისა და აშშ-ის საზოგადოებაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით, გააქტიურდა თანამშრომლობა აშშ-ის წამყვან აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან, მედიასთან, საქართველოს მხარდამჭერ ჯგუფებთან, აშშ-ში ქართულ დიასპორასა და ახალგაზრდულ გაერთიანებებთან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში საქართველოს ელჩის მიერ აშშ-ის სხვადასხვა შტატში განხორციელებული ვიზიტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2020 წლის 24 მაისს, ვაშინგტონში ჩატარებული მეორე ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს მიეძღვნა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG