Accessibility links

logo-print logo-print

ორი სახლი დაიწვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი


ცხინვალი

უბედური შემთხვევა მოხდა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ნედლათში, ხანძრის შედეგად საკუთარ სახლში ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

ხანძარი გამთენისასა გაჩნდა, ადგილზე სახანძრო სამსახურის მისვლის და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სახლში 82 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ხანძრის გაჩენის მიზეზებს სპეციალისტები ადგენენ. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი შეშის ღუმლისგან გაჩნდა. ზნაურის სახანძრო სამსახურს ცეცხლის ჩაქრობაში ცხინვალიდან ჩასული ეკიპაჟიც ეხმარებოდა.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ცხინვალში, ორტევის ქუჩაზე. დაიწვა ერთსართულიანი კერძო სახლი. ადგილზე სახანძრო სამსახურის მისვლისას, ცეცხლი შენობას სრულად იყო მოდებული. ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG