Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს სოციალური ქსელები დაუბლოკეს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დროებით დაუბლოკეს Twitter-ის, Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშები. სოციალური ქსელების ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონში, მასობრივი არეულობების და კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერთა შეჭრის გამო.

აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშების 24 საათით დაბლოკვამდე Twitter-მა, Facebook-მა და YouTube-მა წაშალეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებისადმი დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა, სადაც ის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

Facebook-ის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიმართვა გაზრდიდა ძალადობის რისკს. YouTube-ის განმარტებით, დარღვეული იყო არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესები.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 50-ზე მეტი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG