Accessibility links

logo-print logo-print

ბაღდადის სასამართლომ დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სამხედროებს ხვდება ერაყში, ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე. 2018 წ. 26 დეკემბერი.

ბაღდადის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა, იტყობინება Associated Press-ი. მას ბრალად ედება ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაურის დაგეგმილი მკვლელობა.

ტრამპს ბრალდება წაუყენეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლისთვის. სოლეიმანი ბაღდადში მოკლეს 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. ეს მოხდა ერაყში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტსა და ერაყის პროირანულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ურთიერთობების მკვეთრად გამწვავების ფონზე.

თავდასხმის შემდეგ ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყში აშშ-ის ბაზებზე. სოლეიმანის მოკვლის წლისთავზე ირანმა განაცხადა, რომ შურს იძიებს გენერლის სიკვდილისთვის.

პატიმრობის ორდერის გაცემა სიმბოლური ჟესტია, აღნიშნავს Associated Press-ი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ქვეყანამ ერაყს გადასცეს აშშ-ის პრეზიდენტი, მათ შორის ის, რომელიც თანამდებობას დატოვებს. მიუხედავად ამისა, ფორმალურად ტრამპს ამ ბრალდების მიხედვით ერაყში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყი აშშ-ის ტრადიციულ რეგიონულ მოკავშირედ ითვლებოდა. მაგრამ სოლეიმანის მკვლელობამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაამწვავა და ერაყის პარლამენტის შიიტური ფრთის განრისხება გამოიწვია. მათ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს უცხოური სამხედრო შენაერთები. მას შემდეგ ჯგუფებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, გაააქტიურეს ერაყში აშშ-ის ძალებზე თავდასხმები. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში მსჯელობენ ბაღდადში დიპლომატიური მისიის დახურვის საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG