Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს სამკურნალოდ რუსეთში წაიყვანენ


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს, რომელსაც COVID-19 აქვს, სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანენ.

დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 7 იანვარს მიიღო სხვადასხვა პროფილის ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გაიმართა. რუსეთის სამედიცინო დაწესებულებაში ანქვაბის გადაყვანა გადაწყდა დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად ალექსანდრ ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურად საშუალო სიმძიმისაა.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა, 4 იანვრამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბჟანია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9465 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 136 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG