Accessibility links

logo-print logo-print

მინისტრები ტოვებენ დონალდ ტრამპის მთავრობას


დონალდ ტრამპი და ბეტსი დევოსი. 2017 წლის თებერვალი.

აშშ-ის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა ბეტსი დევოსმა, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა პასუხისმგებლობა ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე.

დევოსმა უსინდისობა უწოდა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრას. ბეტსი დევოსის განცხადებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რიტორიკამ და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.

ბეტსი დევოსის გადადგომამდე თანამდებობა დატოვა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. მისი შეფასებით, ვაშინგტონში მომხდარი ძალადობა პროვოცირებული იყო დონალდ ტრამპის რიტორიკით. ელეინ ჩაო სენატში რესპუბლიკელების ლიდერის, მიტჩ მაკკონელის ცოლია.

მიტჩ მაკკონელი და ელეინ ჩაო
მიტჩ მაკკონელი და ელეინ ჩაო

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 50-ზე მეტი დაკავებულია.

აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG