Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აშშ-ის კონგრესზე თავდასხმისას დაშავებული პოლიციელი


კაპიტოლიუმის პოლიციამ დაადასტურა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ოფიცერი ბრაიან სიკნიკი, რომელიც მძიმედ დაშავდა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმისას.

პოლიციელის გარდაცვალების შემდეგ, მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.

აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ამერიკული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და წამქეზებლობაში, რასაც ძალადობა მოჰყვა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს მოუწოდა, კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პელოსის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმა შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის დაიწყოს მზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG