Accessibility links

site logo site logo

რუხაძე: 6 იანვრის მოვლენები იყო კარგი ტესტი იმისთვის, რომ ამერიკელებს შეემოწმებინათ, რა ფორმაშია მათი ინსტიტუტები


გიორგი რუხაძე

6 იანვრის მოვლენებით ამერიკული დემოკრატია გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ გაძლიერდება, - მიიჩნევს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი რუხაძე. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ეს იყო კარგი ტესტი იმისთვის, რომ ამერიკელებს შეემოწმებინათ, რა ფორმასა და მდგომარეობაშია ინსტიტუტები. გიორგი რუხაძის შეფასებით, ეს ტესტი ამერიკულმა დემოკრატიამ წარმატებით ჩააბარა:

„მერწმუნეთ, დაამტკიცა სასამართლომაც, საარჩევნო ადმინისტრაციამაც, შტატების ხელმძღვანელობამაც, შტატების, ასე ვთქვათ, პარლამენტებმაც და აღმასრულებელმა ხელისუფლებებმაც, რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. იგივე კარგი მაგალითია ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივნის და დონალდ ტრამპის პაექრობა, როდესაც ჩვეულებრივად არ შეეპუა ამ შემთხვევაში იგი პრეზიდენტს, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. და მოდი ასე ვთქვათ, მის წნეხს არ დაჰყვა. წარმოიდგინეთ ეხლა, რომ ბიძინა ივანიშვილის წნეხს არ დაემორჩილოს, მაგალითად, ჩოხატაურის მერი, დაახლოებით ასეთი ამბავია. როდესაც სისტემა ასე მუშაობს, ეს არის გარანტია გრძელვადიანი დემოკრატიის და ეს ტესტი ამერიკულმა დემოკრატიამ ჩააბარა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ამერიკული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და წამქეზებლობაში, რასაც ძალადობა მოჰყვა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს მოუწოდა, კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პელოსის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმა შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის დაიწყოს მზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG